ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გოლით გახსნა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატალანტა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გოლი გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ „ატალანტას“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:0.

ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და 75-ე წუთზე შეცვალეს.

„პარი სენ-ჟერმენი“ პირველივე წუთებიდან დომინირებდა და მე-3 წუთზე ანგარიში ეფექტური კომბინაციის შემდეგ მარკიონოსმა გახსნა.

კვარამ თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა. ბურთიანად საჯარიმოსკენ დაიძრა და შორეული ეფექტური დარტყმით სხვაობა გაზარდა. ტაიმის ბოლოს მესამეს გატანა ბრედლი ბარკოლას შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

პარიზელებმა შესვენების შემდეგ „ატალანტას“ მესამე მაინც გაუტანეს – 51-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა მარცხენა ფლანგზე დრიბლინგი ლამაზი გოლით დაასრულა.

საბოლოო ანგარიში კი 90+1-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა – 4:0.

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ოქტომბერს გამართავს და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს, „ბარსელონას“ ესტუმრება.