ხვანჭკარასა და ლეჩხუმში დღეს ყურძნის ჩაბარების პროცესი იწყება
ხვანჭკარასა და ლეჩხუმში დღეს ყურძნის ჩაბარების პროცესი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ყურძნის ჩაბარების პროცესი დღეს ხვანჭკარასა და ლეჩხუმში იწყება.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მეღვინეებსა და კომპანიებს შორის შეხვედრა და მოლაპარაკებები უკვე შედგა.

„დღეს იწყება პირველი ჩაბარების პროცესი. იყო შეხვედრა მეღვინეებსა და კომპანიებს შორის. იყო მოლაპარაკებები. სახელმწიფო კონტროლი არის მაღალი ხარისხის, რათა შევინარჩუნოთ ქართული ღვინის მაღალი ხარისხი და რეპუტაცია. ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები წელსაც ხორციელდება. არსებობს მიკვლევადობის სისტემა, კადასტრი და კონტროლი ზონაში. ამ კონკრეტულ მიკროზონაში მოსახლეობას ყოველთვის აქვს მოლოდინი, რომ ფასი იქნება ძალიან მაღალი, რადგან ხვანჭკარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ყურძენია. ვაჭრობის პროცესი მევენახეებსა და მეღვინეებს შორის საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და პროცესი პრობლემების გარეშე წარიმართება.

„მოვუწოდებ მევენახეებსა და მეღვინეებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროცესს. ამის შემდეგ გვექნება ლეჩხუმში მოსავლის ჩაბარების პროცესი, სადაც სახელმწიფო ასევე მონაწილეობს კონტროლის კუთხით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ღვინის ხარისხის კონტროლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარისხის გაზრდა ერთ-ერთი ამოცანაა.

„გაზრდილი ექსპორტის პირობებში გამოწვევად რჩება სანდოობისა და ხარისხის კონტროლის საკითხები, ამიტომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უნდა გავაძლიეროთ ლაბორატორიული შესაძლებლობები. ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, სახელმწიფომაც უნდა მოახდინოს ამაში ინვესტირება. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შპს „ღვინის ლაბორატორიისთვის“ ახალი აღჭურვილობა შევიძინოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.