ხვალ თბილისში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში არ განახლდება
ხვალ თბილისში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში არ განახლდება

ხვალ თბილისში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში არ განახლდება, დანარჩენი ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება მხოლოდ იმ სამ ბაღში, რომლის პერსონალს შორის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ დღეს და გუშინ 40-ზე მეტ ბაღში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი გამოვლინდა. თუმცა მათ შორის მხოლოდ სამ ბაღში არის შემთხვევა, როდესაც უშუალოდ თანამშრომელია ინფიცირებული.

სამი საბავშვო ბაღი, სადაც სწავლა ხვალ არ განახლდება – გლდანის 53-ე, დიდუბის 99-ე და კრწანისის 36-ე საბავშვო ბაღებია.

„დღის განმავლობაში, რამდენიმე უწყებასთან კომუნიკაციის შედეგად, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, (პაატა იმნაძე) არ ვხსნით მხოლოდ და მხოლოდ სამ ბაღს, სადაც „კოვიდი“ დაუფიქსირდა უშუალოდ ბაღის თანამშრომელს. დანარჩენ 180 ბაღში განახლდება სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი“, – განაცხადეს სააგენტოში.