ხვალ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
ხვალ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ხვალ, პირველ ოქტომბერს გაიმართება.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, სამივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები.

შესაბამისად, ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია სამივე საარჩევნო უბანი. საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ შესაბამისი გადამზადება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 307-ს შეადგენს. შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო- ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 07:00 საათიდან იმუშავებს ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალება ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ ვიდეოზარის მეშვეობით.

„ასევე, მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში“, – აცხადებენ ცესკო-ში.