ხვალ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ფოთის ცხელების ცენტრში მყოფ ორ პირს კორონავირუსზე ტესტი
ხვალ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ფოთის ცხელების ცენტრში მყოფ ორ პირს კორონავირუსზე ტესტი

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში ორი პაციენტი იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში ელოდებიან კიდევ ერთ პაციენტს ქობულეთიდან.

„ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობიდან გამომდინარე ცუდს არ ვფიქრობთ, მარტივი სიმპტომატიკა აღენიშნებათ. ერთი არის 50 წლის ქალი გალის საავადმყოფოდან გადმოყვანილი, რომელსაც 38 გრადუსამდე აქვს ტემპერატურა. მეორე კი ფოთელი, 37 წლის ქალია, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი. მას აღენიშნება ყელის ტკივილი და სუბფებრირული ტემპეატურა. რედგენოლოგიურად არ არის დამაფიქრებელი და საეჭვო სურათი. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, ხვალ შევაფასებთ მდგომარეობას, ვნახავთ საჭირო იქნება თუ არა მათი ბიოლოგიური მასალის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა. მოგვიანებით მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.