„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და პარტია „ლიგა“ იტალიის სამთავრობო პროგრამაზე მუშაობას დღეს დაასრულებს
„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და პარტია „ლიგა“ იტალიის სამთავრობო პროგრამაზე მუშაობას დღეს დაასრულებს

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და პარტია „ლიგა“ იტალიის სამთავრობო პროგრამაზე მუშაობას დღეს დაასრულებს, – ამის შესახებ „ლიგის“ ლიდერმა, მატეო სალვინიმ განაცხადა.

სალვინის თქმით, კოალიციური მთავრობა გადასახადების, პენსიებისა და განათლების სფეროებში რეფორმების ზუსტ გრაფიკს განსაზღვრავს.

„რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას გვაყენებენ, რაც უფრო მეტად გვაშინებენ, ამ გამოწვევასთან გამკლავების უფრო მეტი სურვილი მაქვს“, – აღნიშნა „ლიგის“ ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა, ლუიჯი დი მაიომ აღნიშნა, რომ იტალიის უზარმაზარი სახელმწიფო ვალის შემცირების საუკეთესო გზა ინვესტირება და ეკონომიკის დახმარებაა.

მოლაპარაკებების ფონზე სამთავრობო პროგრამის კანონპროექტის ნაწილი გასაჯაროვდა, სადაც აღნიშნულია, რომ პოპულისტური პარტიები ვალისა და მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის წესების იგნორირებას გეგმავენ.

მოლაპარაკებებში ჩართულ პარტიებს სურთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ შექმნილი მილიარდობით ევროს ღირებულების იტალიური ბონდები გაუქმდეს. იტალიის სახელმწიფო ვალი ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის 130%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი