ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება
ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება.

როგორც აღინიშნა, ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა.

კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე, სადაც ცხრა თემატური სესია გაიმართება, 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი ერთობლივ ფორმატში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებს.

კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ტერესა მორეირა, კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი ორი შვარცი.

მთავარი მომხსენებლის რანგში კონფერენციაზე მიწვეულია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის გლობალური კონკურენციის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი უილიამ ე. კოვაჩიჩი.