შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო- ზარზმის მონაკვეთის ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების და მოწყობა მიმდინარეობს. ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და შვიდ ხიდს ჩაუტარდება. დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 14.6 მილიონი ლარია. ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, რომელზეც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.