ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
ხულო-ზარზმის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს როგორც გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ისე ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტი ორი მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება მეორე კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.