ხუან გუიადომ ეროვნული გვარდიის კორდონი გაარღვია და პარლამენტში შესვლა შეძლო
ხუან გუიადომ ეროვნული გვარდიის კორდონი გაარღვია და პარლამენტში შესვლა შეძლო

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუიადომ ეროვნული გვარდიის კორდონი გაარღვია და პარლამენტის შენობაში შესვლა მოახერხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხუან გუაიდოს და მის მომხრეებს ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში შესვლა აუკრძალეს. წინააღმდეგობის მიუხედავად ოპოზიციის ლიდერმა პარლამენტში შესვლა მაინც შეძლო.

ამის შემდეგ გუაიდომ პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავა და ფიცი დადო. ამ დროს დარბაზში ელექტროენერგია გათიშეს.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მადუროს მთავრობამ გადაწყვიტა პარლამენტის სპიკერად მათი მომხრე ლუის პარა დაენიშნა.

ეროვნული ასამბლეის ახალი თავმჯდომარის დამტკიცების დროს დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები არ შეუშვეს, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა. ამის შემდეგ ხუან გუაიდო და მისი მომხრეები სხვა შენობაში შეიკრიბნენ და კენჭისყრა იქ ჩაატარეს. შედეგად, გუაიდო ხელახლა აირჩიეს ვენესუელას პარლამენტის სპიკერად.

შარშან ვენესუელაში საპროტესტო აქციების ფონზე, ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურომ ძალაუფლების შენარჩუნება მაინც შეძლო.

აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი და საქართველო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს.

დატოვე კომენტარი