ხუან გუაიდოს მოკავშირე ედგარ ზამბრანო პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ხუან გუაიდოს მოკავშირე ედგარ ზამბრანო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვენესუელაში ხუან გუაიდოს მოკავშირე ედგარ ზამბრანო პატიმრობიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოპოზიციონერი კანონმდებელი ციხეში ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

ნიკოლას მადუროს რეჟიმი ედგარ ზამბრანოს 30 აპრილს, ხუან გუაიდოს მიერ ორგანიზებული გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში სდებდა ბრალს.

ვენესუელის პროკურორის განმარტებით, ოპოზიციონერის გათავისუფლება ხელისუფლების პეტიციის საფუძველზე მოხერხდა.

ამასთან ერთად, პროკურორმა აღნიშნა, რომ ყველა დაკავებული ოპოზიციონერის საქმეს გადახედავენ.

2019 წლის აპრილში ხუან გუაიდომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების 30 წარმომადგენელთან ერთად სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ოპოზიციონერი ქვეყნის არმიას მის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებდა. ამბოხება ორ დღეში ჩაცხრა, რის შემდეგაც ნიკოლას მადურომ ხუან გუაიდოს 15 მოკავშირე დააკავა. მათ შორის იყო ედგარ ზამბრანოც.

ოპოზიციონერი ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, 50-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს, მათ შორის არის საქართველოც.