ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ქვეყნის არმია მხარს მას უჭერს
ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ქვეყნის არმია მხარს მას უჭერს

ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლას აანონსებს. ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის არმია მხარს მას უჭერს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ვიდეო ერთ-ერთ სამხედრო ავიაბაზაზე არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს ვენესუელელი ოპოზიციონერი ლეოპოლდო ლოპესიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

„ვენესუელელებო, მოდით, დავიკავოთ ქუჩები, უზურპაციის დასრულებას მხარი დავუჭიროთ, ეს ხომ ისედაც გარდაუვალია. ვენესუელას ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი ვენესუელელ ხალხსა და ჩვენს კონსტიტუციას უჭერენ მხარს“, – განაცხადა ხუან გუაიდომ ვიდეომიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ ხუან გუაიდომ პირველ მაისს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების დაწყება დააანონსა.

ხუან გუაიდოს ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით თეთრის სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში არსებულ ვითარებას დეტალურად აკვირდება. ამასთან, რამდენიმე ამერიკელი სენატორი ვენესუელას არმიას ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.