ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის მოსაწყობად საჯარო სექტორთან მოლაპარაკებებს მართავს
ხუან გუაიდო ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის მოსაწყობად საჯარო სექტორთან მოლაპარაკებებს მართავს

ხუან გუაიდო ვენესუელის საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს. ოპოზიციის ლიდერის მიზანი ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის მოწყობაა. კვირის ბოლოს დაგეგმილ გაფიცვაში სავარაუდოდ მილიონობით ადამიანი ჩაერთვება.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, ვენესუელის ოპოზიცია ცდილობს, სარგებელი მიიღოს, სამშობლოში ხუან გუაიდოს ტრიუმფალური დაბრუნებით. ცოტა ხნის წინ ეროვნული ასამბლეის ლიდერმა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას ყურადღება არ მიაქცია და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურით იმყოფებოდა. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი მეზობელი სახელმწიფოებისთვის საკუთარი გეგმის გაცნობა იყო.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები 21 იანვარს დაიწყო. ოპოზიციონერმა და ეროვნული ასამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ კი, საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მალევე გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადეს რიგმა სახელმწიფოებმა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ოპოზიციონერ გუაიდოს მხარს უჭერს საქართველოც.