ხუან გუაიდო ბრიტანეთს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებას ოქროს ზოდები არ დაუბრუნოს
ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუბრუნოს ნიკოლას მადუროს ხელისუფლებას ოქროს ზოდები. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში გუაიდო აცხადებს, რომ მადურო ოქროს გაყიდვას და თანხის ცენტრალურ ბანკში განთავსებას გეგმავს.
ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუან გუაიდოს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.
Bloomberg-ის ცნობით, მადუროს ხელისუფლება ოქროს რეზერვის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ბანკთან მოლაპარაკებების დაწყებას ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში ცდილობდა.
ვენესუელაში ამ დრომდე რჩება ამერიკელი დიპლომატების ნაწილი. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებით, დიპლომატების ან ოპოზიციის დაშინების ნებისმიერ მცდელობას მნიშვნელოვანი პასუხი მოჰყვება.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიამ და ისრაელმა ხუან გუაიდო ვენესუელას ლიდერად აღიარეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანა უერთდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანას, ევროპის ქვეყნებს და აღიარებს ახალ ხელმძღვანელობას ვენესუელაში. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ოფიციალური კანბერა გუაიდოს დროებით პრეზიდენტად ახალ არჩევნებამდე აღიარებს.
შეგახსენებთ, ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ხუან გუაიდო უკვე 10-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის არის საქართველოც.