ხოსეპ გუარდიოლა – ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, როცა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი კანდიდატურა განიხილეს #1TVSPORT

00:45, 26.11.2026

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ იტალიის ნაკრების გაწვრთნის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა სამწვრთნელო საქმიანობას თუ დაუბრუნდება, ეროვნულ გუნდში იმუშავებს.

გვარდიოლამ ამის შესახებ „ბარსელონაში“ თავის ყოფილ თანაგუნდელთან, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, რომარიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, როცა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი კანდიდატურა განიხილეს, თუმცა ეს იმ დროს მოხდა, როდესაც დასვენება მჭირდებოდა.

ეს ერთი ან ორი წლით ადრე რომ მომხდარიყო, შეთავაზებას, დიდი ალბათობით, დავთანხმდებოდი. მაგრამ, როდესაც პაოლო მალდინი და ლეონარდო, რომლებიც ძალიან მიყვარს, დამიკავშირდნენ, ჩემი კარიერის იმ ეტაპზე ვიყავი, როცა უბრალოდ პაუზა უნდა ამეღო“, – ამბობს გუარდიოლა.

55 წლის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თითქმის 20-წლიანი საკლუბო სამწვრთნელო კარიერის შემდეგ დასვენება სჭირდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის ფეხბურთს.

გუარდიოლამ გასული სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ დატოვა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ესპანელმა სპეციალისტმა ექვსჯერ – ინგლისის პრემიერლიგა, სამჯერ – ასოციაციის თასი, ხუთჯერ – ინგლისის ლიგის თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე ის „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ წვრთნიდა.

მსგავსი