ხორვატმა მცველმა რუსეთის სურვილს თავხედობა უწოდა - მთელი მსოფლიო უკრაინას უნდა დაეხმაროს #1TVSPORT
ხორვატმა მცველმა რუსეთის სურვილს თავხედობა უწოდა - მთელი მსოფლიო უკრაინას უნდა დაეხმაროს #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების ყოფილი მცველი, დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორი დარიო სრნა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საუბრობს:

„როდესაც კიევის დატოვება გვირჩიეს, იმდენი ხალხი ტოვებდა ქალაქს, რომ მგზავრობა ჩვეულებრივ 20 წუთის ნაცვლად სამი საათი გაგრძელდა. მარიუპოლის ან ხარკოვის მაცხოვრებლები განიცდიან საშინელებებს, ეს ხალხი ნამდვილი გმირები არიან და მათ გამო ძალიან მეშინია. უკრაინას მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის თამაში გადაუდეს, მაგრამ ომი ფეხბურთს ვერ გაანადგურებს. „შახტარი“ 21-ე საუკუნეში 13-ჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ომის გამო კი 8 წლის განმავლობაში მეორედ დავკარგეთ სახლი. წარმოგიდგენიათ ინგლისის ჩემპიონები ომის გამო იძულებულები გახდნენ სახლი დატოვონ? იოლი ვითარება არ არის. ეს ხალხი უდანაშაულოა, ისინი საუკეთესოები არიან. ვამაყობ, რომ უკრაინაში 19 წელი ვიცხოვრე. რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე „შახტართან“ ვიქნები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ვამაყობ კლუბით, ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით, მაგრამ ამ ვითარებაში მარტო ვერ ვიქნებით. მთელი მსოფლიო უნდა დაეხმაროს უკრაინას, დაბომბვა და ომი რომ შეაჩერონ. როცა ურჩხულის წინაშე დგახარ, მშვიდობას ვერ იყიდი. ამისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ ჩვენ არ დავივიწყებთ, ამ რთულ დროს ვინ დაგვეხმარა“, – ციტირებს სრნას სიტყვებს ინგლისური გამოცემა „მირორი“.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის საფეხბურთო კავშირმა კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება. თითქოს არაფერი მომხდარა, მათ 2028 და 2032 წლების ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე კანდიდატურა წარადგინეს. „შახტარის“ ხორვატი დირექტორი აღშფოთებულია რუსეთის ამ ნაბიჯით.

„არ შემიძლია დავიჯერო, რომ ამას ითხოვდნენ. ეს ალბათ ერთგვარი ხუმრობაა. ისინი გაგიჟდნენ და საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ. სწორედ რომ თავის სამყაროში და არა – ჩვენთან“, – ეს სრნამ უკვე გამოცემა „ბლიკთან“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებაზე რუსების მცდელობას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა და უეფა-ს ევრო 2028-ის უკრაინაში ჩატარება შესთავაზა.