ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, მზად ვართ, დავეხმაროთ გამოცდილების გაზიარებით
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, მზად ვართ, დავეხმაროთ გამოცდილების გაზიარებით

ჩვენ ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და მზად ვართ, დავეხმაროთ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხორვატია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერია.

„მე დღეს კიდევ ერთხელ განვუცხადე ილია დარჩიაშვილს ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი. ხორვატია გახლავთ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით. ამ მხრივ, შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ თქვენ და თქვენს კოლეგებს. ყველაფერში, რაც გესაჭიროებათ, ჩვენ დაგეხმარებით. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს გახლავთ ხანგრძლივი მოგზაურობა, მაგრამ ძალიან სასარგებლო და დიდი სარგებლის მომტანი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ მიგვეღწია საგარეო მიმართულებით ჩვენი მიზნებისთვის. მაგრამ ამან იმუშავა. ჩვენ მივესალმებით თქვენი მტკიცე რეფორმების ძალისხმევას და ვალდებულებებს ამ პროცესში. მე ასევე გამოვხატე ხორვატიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დავუჭირე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, – აღნიშნა გორდან ​გრილიჩ რადმანმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საოკუპაციო ხაზს.

„ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მექნება საშუალება, ვეწვიო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ ოძისში, ასევე გაერო-ს მონიტორინგის მისიას. ქვეყანამ, რომელმაც ასევე გამოსცადა ოკუპაცია, სურვილი გვაქვს, გამოვხატოთ ჩვენი საექსპერტო ცოდნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ოკუპაციის მიმართულებით. ჩვენი საუბრისას გავცვალეთ მოსაზრებები არსებულ უსაფრთხოების გარემოზე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა გორდან ​გრილიჩ რადმანმა.

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ზაგრებში მიიწვია.

„საბოლოოდ, მინდა, ვთქვა, რამდენად მოხარული ვარ, რომ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნა საელჩო ზაგრებში და საკონსულო სპლიტში, სანაპიროზე. მთელი გულით მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ველით, რომ ახალ დონეზე გადავა ჩვენი ურთიერთობები. მოხარულები ვიქნებით, მიგიღოთ ხორვატიაში თქვენ და ბატონი პრემიერ-მინისტრი საელჩოს გახსნის შემდეგ. კიდევ ერთხელ, ვიქნები მოხარული, მოგესალმოთ ხორვატიაში“, – დასძინა გორდან ​გრილიჩ რადმანმა.