ხორვატიის პრეზიდენტი - ვმართავთ შეხვედრას საქართველოსა და უკრაინასთან, ვაგრძელებთ ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას
ხორვატიის პრეზიდენტი - ვმართავთ შეხვედრას საქართველოსა და უკრაინასთან, ვაგრძელებთ ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას

ჩვენ ვნახეთ მაკედონიის შემთხვევაში, რომ MAP-ი არ ნიშნავს ნატო-ში ავტომატურად გაწევრიანებას, – ამის შესახებ პირველ არხს ხორვატიის პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ბრიუსელში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა გაიმართება.

„ჩვენ გვაქვს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. ვაგრძელებთ ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას. გვაქვს ლიდერების შეთანხმებული დეკლარაცია და გქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდით, თუ რა ჩაიწერა დოკუმენტში ღია კარის პოლიტიკაზე“, – აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ მაკედონიასთან დაკავშირებით ალიანსმა წინ გადადგა ნაბიჯი.

„იმედი მაქვს, რომ პროგრესს ვნახავთ ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებითაც. რამდენად შორსაა საქართველო ან უკრაინა ნატო-ს წევრობასთან, ეს უფრო ჰიპოთეტური კითხვაა. ჩვენ ვნახეთ მაკედონიის შემთხვევაში, რომ MAP-ი არ ნიშნავს ნატო-ში ავტომატურად გაწევრიანებას“, – დასძინა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა.

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე გუშინ 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ამასთან, სამიტის დეკლარაციის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მოუწოდებენ რუსეთს, მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს ძალები, რომლებიც განათავსა სამ ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე.

ამასთან, სამიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღესვე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად, უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა ნატო-საქართველო-უკრაინა გაიმართება.