ხორვატიის პრემიერი - კომპანია JANAF-ს აქვს შესაძლებლობა, მიაწოდოს ნედლი ნავთობი უნგრეთის ქარხნებს, მიუხედავად ამისა, გამონაკლისის დაშვება იგეგმება, რათა უნგრეთმა განაგრძოს რუსული ნავთობის მიღება
ხორვატიის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ ქვეყანას რუსული ნავთობის ჩანაცვლება არ შეუძლია.
პლენკოვიჩის თქმით, ხორვატიულ კომპანია JANAF-ის მიერ მართული ადრიატიკის მილსადენის სიმძლავრე უნგრეთისთვის რუსული ნავთობმომარაგების ჩასანაცვლებლად სავსებით საკმარისია.
„JANAF-ს აქვს ყველა საჭირო სიმძლავრე და შესაძლებლობა, მიაწოდოს ყველა საჭირო ნედლი ნავთობი უნგრეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საკმარისზე მეტი სიმძლავრით. უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვება იგეგმება, რათა განაგრძოს რუსული ნავთობის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია, მიიღოს არარუსული ნავთობი“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებისგან გაათავისუფლა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ უნგრეთისთვის გამონაკლისი ძალაში იქნება „მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში“. ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შეთანხმების თანახმად, უნგრეთი ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას მოახდენს და დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს.