ხორვატიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სერბეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა სეპარატიზმის მუდმივი საფრთხის ქვეშაა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი აცხადებს, რომ სერბეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა – სეპარატიზმის მუდმივი საფრთხის ქვეშ.
სერბული მედიის ცნობით, ევროკავშირის გაფართოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და ხელსაყრელი პოლიტიკური მომენტის გარეშე.
„ჩვენ დავბლოკეთ ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, რომელიც, უკვე ორ წელიწადზე მეტია, განიცდის ყველაზე ძლიერ და სერიოზულ შიდა არეულობასა და პროტესტს, იმყოფება რა სამოქალაქო ომის ზღვარზე; ბოსნია და ჰერცეგოვინა, სადაც სერბთა რესპუბლიკის მეთაური მილორად დოდიკი კვლავ იმუქრება ამ რესპუბლიკის გამოყოფით“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.
მოგვიანებით, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ბელგრადში, სკოლაში მომხდარი მკვლელობისა და ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, როდესაც საპროტესტო აქციები 2 წელია გრძელდება, რაც, მისი შეფასებით, არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია.
პლენკოვიჩის თქმით, მისი განცხადების მიზანი იყო, გაეცნო სერბეთში არსებული ვითარება იმ აუდიტორიისთვის, რომელიც არ ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენების ყველა დეტალს.
„არ გეგონოთ, რომ მე ასეთ სცენარს ვუჭერ მხარს, მე უბრალოდ ცივსისხლიანად აღვწერ მას“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ -მინისტრმა.