ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაეცნო
ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაეცნო

სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა.

„დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს და იმ 470-ზე მეტი სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 117 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი.

დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად უმასპინძლა“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.

ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით თბილისში იმართება.