ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჟურნალისტებმა მედიის თავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჟურნალისტებმა მედიის თავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჟურნალისტებმა მედიის თავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, აქციის მონაწილეებმა მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლო სარჩელების რაოდენობის მკვეთრ ზრდას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი „ხორვატიის ჟურნალისტთა ასოციაციის“ მონაცემებით, ამჟამად სასამართლოში რეპორტიორებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ 1 100-ზე მეტი მიმდინარე საქმეა.

აქციის მონაწილეები მედიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელების რაოდენობის ზრდას ცილისწამების შესახებ კანონს უკავშირებენ. კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ნებისმიერს, ვისაც არ მოეწონება პუბლიკაცია, შეუძლია, ცილისწამებაში დაადანაშაულოს მისი ავტორი და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

სააგენტო „როიტერსი“ მაგალითად ერთ-ერთ საქმეს ასახელებს, როდესაც სასამართლომ სატირული სატელევიზიო გადაცემა დააჯარიმა ყალბი ამბების გავრცელებისთვის.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისიდან ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურის სამინისტრომდე, შემდეგ კი მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.