ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს
ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ასამბლეას ესწრება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

როგორც ასამბლეის გახსნაზე უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, სამიტის ყველა მონაწილისგან თანადგომას გრძობს.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, ჩვენს უკრაინულ დელეგაციასთან ერთად. ამ სტუმართმოყვარე ხორვატიულ მიწაზე პირველივე წუთებიდან ვიგრძენით სითბო სამიტის მასპინძლებისგან. თითოეული ხელის ჩამორთმევისას, თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობდი მხარდაჭერას, ძვირფასო კოლეგებო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა, რომელიც არის ყირიმის პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი, იქნება პროდუქტიული და ნაყოფიერი. მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო მაგიდასთან წარმოდგენილ ნახატებზე, ეს ყირიმელი ბავშვების ნახატებია, მინდა, რომ ისინი იყვნენ სითბოს წყარო ამ წვიმიან დღეს“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

​ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის, გორდან იანდროკოვიჩის თქმით კი, სამიტი შესაძლებლობას მისცემს ყველას, ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას.

„სამიტი შესაძლებლობას მოგვცემს, მსოფლიოში გავგზავნოთ ძლიერი მესიჯები ერთიანობის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მიმართ. ასევე, გამოვთქვათ სრული ერთგულება იმ ფასეულობების მიმართ, რომელთაც ვიზიარებთ – მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების პატივისცემა“, – განაცხადა გორდან იანდროკოვიჩმა.