ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი.

გამოკითხვების მიხედვით, მის მთავარ მეტოქეებად ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ზორან მილანოვიჩი და მუსიკოსი, მემარჯვენე მირსოლავ შკორო მოიაზრებიან.

ხორვატიაში 3,8 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. პროგნოზის თანახმად, პირველივე ტურში გამარჯვების შანსი არც ერთ კანდიდატს არ აქვს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ხორვატიაში პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიალური როლი აკისრია, ის ფორმალურად მეთაურობს შეიარაღებულ ძალებსა და წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე. თუმცა პრეზიდენტობის პოსტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირისთვის. მისი მთავრობა პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობას გადაიბარებს.