ხორვატიას ევროვიზიაზე როკო ბლაზევიჩი წარადგენს

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხორვატიას 18 წლის მომღერალი როკო ბლაზევიჩი წარადგენს. ქვეყნის წარმომადგენელი ნაციონალური შიდაშესარჩევი კონკურსის, „დორას“ მეშვეობით შეირჩა.

„დორა“ ხორვატიის შიდაშესარჩევი კონკურსია, რომელიც 2010 წლიდან სტაბილურად ტარდება. მიმდინარე წელს 16 არტისტი ცდილობდა ხორვატიის წარმომადგენლის ტიტულის მოპოვებას ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე და საბოლოოდ, ჟიურისა და ტელემაყურებლის ერთობლივი ქულებით ეს სტატუსი როკო ბლაზევიჩს ერგო.

„ოცნება“ (The Dream) – ასე ჰქვია საკონკურსო სიმღერას, რომლითაც 18 წლის მომღერალი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხორვატიის სახელით გამარჯვებისთვის იბრძოლებს. სიმღერა ხორვატიის 2017 წლის წარმომადგენელს, ჯაქუეს ჰოუდეკს ეკუთვნის.

როკო ბლაზევიჩი 2001 წელს მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. სიმღერასთან ერთად, უკრავს როიალსა და ორღანზე. 12 წლის ასაკში მან მუსიკალური კარიერა დაიწყო და პირველი ნაბიჯები ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფის სოლისტის რანგში გადადგა. მომდევნო წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში, მათ შორის, მოგებული აქვს ხორვატიის მუსიკალური ტელეშოუ „ვარსკვლავები“ (Zvjezde).

ხორვატიის წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე 16 მაისს, შოუს მეორე ნახევარფინალური ტურის მეორე ნახევარში იმღერებს.