ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა
ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.

როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხორვატიაში ინფლაციის დონემ 13.5%-ს მიაღწია, რაც სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად ევროზონაში.

გარდამავალ 14-დღიან პერიოდში ქვეყანაში კუნა ბრუნვაში დარჩება, რომ მოსახლეობამ მისი ევროზე გადაცვლა შეძლოს.

ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლის პირველ ივლისს გახდა.