ხორვატია ფინალშია!
ხორვატია ფინალშია!

ხორვატიის ნაკრებმა 1998 წელს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 15 ივლისს საფრანგეთს დაუპირისპირდება

ინგლისის წინააღმდეგ ნახევარფინალური მატჩი ხორვატებისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. ანგარიში მატჩის დებიუტში ინგლისელებმა გახსნეს, როდესაც კირან ტრიპიერმა ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და ბურთი მეკარისგან ზედა მარცხენა კუთხეში გაუშვა.

ამის შემდეგ მოედანზე ბევრი მომენტი არ ყოფილა და ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარი ხორვატებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მატჩის ბოლოსკენ მოახერხეს, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პირველმა პერიშიჩმა ითამაშა და ინგლისელთა კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გუნდებმა რამდენიმე მეტ-ნაკლებად საინტერესო მომენტი გაცვალეს, 109-ე წუთზე კი მარიო მანჯუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატიის ნაკრები ფინალში გაიყვანა.

14 ივლისს, მესამე ადგილისთვის მატჩში, ერთმანეთს ბელგია და ინგლისი დაუპირისპიდებიან, 15 ივლისს კი ფინალი გაიმართება, რომელშის მსოფლიოს ახალ ჩემპიონს ხორვატია და საფრანგეთი გაარკვევენ.