სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ფინალურ ეტაპს უახლოვდება. დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დაახლოებით ორი სხდომის შემდეგ, ამ საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ არც ერთ მსჯავრდებულს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით, პირვანდელი კვალიფიკაცია არ დაუბრუნდება და სარალიძის განზრახ მკვლელობა ბრალად არ დაედება. ადვოკატის თქმით, ეს მოთხოვნა მთავარ საგამოძიებო უწყებას აქვს.

„ჩვენს დასკვნით სიტყვაში გავამახვილებთ ყურადღებას მტკიცებულებებზე, რაც არსებობს, გამოვიკვლიეთ და ადასტურებს კიდევაც ჩვენს პოზიციას. პირველი ინსტანციის განაჩენის მერე მოლოდინი გვქონდა, რომ საგამოძიებო ორგანო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა, რათა გამოესწორებინათ უამრავი შეცდომა, რაც დაუშვეს გამოძიების დროს და დადასტურდა, რომ გამოძიება არასწორად იყო წარმოებული. თუმცა, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ პირვანდელ ვერსიაზე რჩებიან და ცდილობენ, სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული დააბრალონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“, – განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.