ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვანს დაკითხავენ
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთი არასრულწლოვანი დაიკითხება.
როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, მოზარდი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და მომხდარის გარემოებებზე ისაუბრებს.
„აღნიშნული პიროვნება შემთხვევის ადგილზე იყო. ის ფაქტის მონაწილეა. ისაუბრებს იმ დეტალებზე, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე”,- განაცხადა პროკურორმა.
სხდომა უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდება. მართალია, საქმეს პირველი ინსტანცია განიხილავს, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტექნიკური მიზეზების გამო, პროცესები სწორედ უზენაეს სასამართლოში ჩატარდება.
2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.