ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს არასრულწლოვნის მამა დაკითხეს, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს არასრულწლოვნის მამა დაკითხეს, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს არასრულწლოვნის მამა დაკითხეს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი.  მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი ასევე მის ორ შვილს, რომლებზეც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება და ისინი პატიმრობაში არ არიან.

მისი შვილი სასამართლოში უკვე დაკითხულია. ადვოკატების ინფორმაციით, მან ჩვენება უკვე რამდენჯერმე შეცვალა.

როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვნის მამამ ისაუბრა, რა ვითარებაში ნახა თავის შვილი ერთ-ერთ ბრალდებულთან ერთად კონფლიქტის შემდეგ.

„ასევე ისაუბრა, ხსენებული პიროვნებები თუ სად, როგორ წაიყვანა. მოწმემ ასევე ისაუბრა რა განუცხადა თავისმა შვილმა, ანუ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა და ასევე კონფლიქტში მონაწილე მეორე პირმა, რომელიც ბრალდებულია. რა ვითარებაში მოახდინა კონკრეტული პიროვნების დაჭრა.
სწორედ იმის გამო, რომ აღნიშნულმა მოწმე მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა, პასუხისგებაშია და პატიმრობაში იმყოფება.

კონფლიქტში მონაწილეობდა მისი შვილი, ასევე ბრალდებული, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებ, ასევე იყვნენ სხვა პირებიც. მოწმეს რა ინფორმაციაც მიაწოდა მისმა შვილმა და მისი შვილის თანმხლებმა პირმა, რომელიც ბრალდებულია, სწორედ ის ინფორმაცია გადმოსცა. მან კითხვები დაუსვა, მაგრამ მათგან მეტი ინფორმაცია ვერ მიიღო. შესაბამისად, აღნიშნული პიროვნება სასამართლო სხდომაზე გულწრფელად მოვიდა და ის ინფორმაცია განაცხადა, რაც გამოძიების სტადიაზეც აქვს მიცემული“, – განაცხადა ფხაკაძემ.

პროკურორის განმარტებით, მოწმემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოლიციელთა ან სხვა პირების მხრიდან ნებისმიერი სახის ზეწოლა უარყო.

„კონკრეტულმა მოწმემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასაბუთებულად გამორიცხა და განაცხადა, რომ პოლიციის დაწესებულებაში მის მიმართ, პოლიციელთა მხრიდან და არც სხვა პირების მხრიდან არანაირ ფიზიკურ ზეწოლას, არც მორალურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. იგივე დაადასტურა მისი შვილის დაკითხვასთან დაკავშირებით, რომ არც მის მიმართ არ ყოფილა რაიმე სახის ზეწოლა და ზემოქმედება.

კითხვაზე რატომ განაცხადა მისმა შვილმა აღნიშნულის შესახებ, მოწმემ სავარაუდო პასუხი გასცა, ვინაიდან მას კონტაქტი არ აქვს მის შვილთან. მისი თქმით, შესაძლებელია, მეგობრების პასუხისგების თავიდან აცილების მიზნით განაცხადა ბავშვმა აღნიშნული ფორმაცია”- განაცხადა ფხაკაძემ.