ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ სასამართლოში მოწმემ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე ისაუბრა
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ სასამართლოში მოწმემ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე ისაუბრა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, დღეს სასამართლოში დაკითხულმა მოზარდმა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

მოკლული არასრულწლოვნის მამამ აღნიშნა, რომ 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილე მოზარდმა მოსამართლეს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ თავად უამბო.

გარდა ამისა, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოწმემ დღეს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე ისაუბრა.

„თავიდან ამბობდა, არ ვიყავი იქო, მერე შევირბინე, შოკში ვიყავიო. მერე რომ დაუსვეს კითხვები, აღიარა, რომ თავადაც ჩხუბობდა. ფაქტობრივად, ისაუბრა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე. იმედია დაიწყებენ გამოძიებას, ვინ ახდენდა ზეწოლას მოწმეზე. ვისი ინტერესები იყო ამაში, ვერ ხვდები. მოწმე პირდაპირ ამბობს, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ. ესეიგი ინტერესი აქვს ვიღაცას“, – განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე, გასული წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, 10-ზე მეტი არასრულწლოვანი უკვე დაიკითხა.

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში ჩატარებული ყველა ექსპერტიზის შედეგი ამ დრომდე არ არის ცნობილი.

სასამართლოს განაჩენის გამოსატანად ორ თვეზე ნაკლები დარჩა.