ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა 13 ივნისს ქუთაისში გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა 13 ივნისს ქუთაისში გაიმართება

ვის გამოკითხავს დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ოთხშაბათს გაირკვევა. 13 ივნისს, პირველ სამუშაო სხდომაზე კომისიის წევრები ქუთაისში შეიკრიბებიან, მანამდე კი საქმის მასალების ნაწილს გაეცნობიან. მასალების ნაწილი კომისიამ შესაბამისი უწყებებიდან ცოტა ხნის წინ მიიღო.

„კომისიის ნებისმიერ წევრს ბუნებრივია ექნება საშუალება, ინდივიდუალურად გაეცნოს საქმის მასალებს და უკვე ოთხშაბათის სხდომაზე ჩვენ გაგვიადვილდება იმაზე მსჯელობა პირველ რიგში ვინ გამოიკითხოს კომისიის მიერ და რა მოქმედებები იქნება ჩასატარებელი”, – განმარტა ჟუნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, ვიდრე კომისია საქმის ფიგურანტებისა და სავარაუდო დამნაშავეების გამოკითხვას დაიწყებს, მანამდე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს მოუსმინოს.

„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიბაროთ სარალიძე და დადუნაშვლი, გავეცნოთ დეტალურად, უფრო სიღრმისეულად, არგუმენტების წარმოდგენით მათ პრეტენზიებს, მათ კითხვებს და ამის შემდეგ ჩვენ უფრო გაგვიადვილდება ე.წ. საგამოძიებო სტრატეგიის განსაზღვრა”, – განმარტა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ შეექმნება კომისიას ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების გამოკითხვაზე პრობლემები, მდინარაძე განმარტავს, რომ არსებობს როგორც მზაობა მათი მხრიდან საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობისა, ისე კანონით დადგენილი ნორმა, რომელიც ყველა ადამიანს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას ავალდებულებს.

„კომისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის სიახლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. აქედან გამომდინარე, არსებობს გარანტია იმის, რომ კომისიაზე გამოცხადდება ყველა ადამიანი, რომელსაც დავიბარებთ. გარდა პასუხისმგებლობის და პრევენციის ამ სახისა, არსებობს მზაობა, ჩვენ ვიცით მაღალი თანამდებობის პირებისგან მათ შორის, რომ ისინი არა თუ შეუშლიან ხელს გამოძიებას, არამედ დაეხმარებიან ყველანაირად საგამოძიებო კომისიის მუშაობას”, –  განაცხადა მდინარაძემ.