ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას 12:00 საათზე გამოაცხადებს. სხდომის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებისათვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართება.

ბრალდებულ გ.ბ.-ს ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დღეს გამოჩნდება, რამდენად სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი და პრინციპულია სასამართლო.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის. დღეს სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავდროულად სენსიტიურ საქმეზე გადაწყვეტილებას. დღეს გამოჩნდება, რამდენად სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი და პრინციპულია სასამართლო. მინდა, რომ ამ კითხვებს დადებითად გაეცეს პასუხი და ყველა დარწმუნდეს, რომ დიახ, ჩვენს ქვეყანაში სასამართლო იცავს მყარად ამ პრინციპებს, ობიექტურობას და სამართლიანობას.

დღეს, რა თქმა უნდა, ველოდებით ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რადგან ნებისმიერი პირი, ვინც მოისმენს ბრალდების მხარის არგუმენტებს, დარწმუნდება, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ საბოლოოდ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა სააპელაციო განაჩენში პირველადი ბრალის დადასტურებას ელოდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ საქმეზე, მეორე ინსტანციაში დავობს როგორც პროკურატურა, ისევე დაცვის მხარე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ ის მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.

საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე განაჩენი ერთი წლის წინ გამოაცხადა.