ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბრალდების მხარე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენს არ ეთანხმება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 10 წლით და 6 თვით და 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი პირების გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

სასამართლომ  სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ.ბ.-ს 10 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.