ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დღეს ოთხი არასრულწლოვანი გამოიკითხება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დღეს ოთხი არასრულწლოვანი გამოიკითხება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავს. აქედან ერთი არასრულწლოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი გამოძიების პერიოდში არ გამოუკითხავს.

როგორც კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, დღეს მოუსმენენ როგორც უშუალოდ ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნებს, ასევე მათ, ვინც შესაძლოა, ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს.

საგამოძიებო კომისია საქმეზე მოხსენებას პარლამენტის ბიუროს სექტემბრის დასაწყისში წარუდგენს.

გამოკითხვებით მტკიცებულებების შეგროვების ნაწილს კომისია სავარაუდოდ შემდეგ კვირაში – სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასრულებს და მოხსენებაზე მუშაობას მეორე დღესვე დაიწყებს.

„მოხსენება მზად იქნება მომდევნო10 დღის, მაქსიმუმ კი – ორი კვირის განმავლობაში. აგვისტოს შუა რიცხვებიდან გვექნება საშუალება მოხსენების პირველი ვერსია ვნახოთ და ამ კონკრეტულ ვერსიაზე აგვისტოს ბოლომდე შევთანხმდეთ.

აღნიშნული ვერსია უნდა წარვადგინოთ პირველივე ბიუროს სხდომაზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში, 2-3 სექტემბერს იქნება“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ გუშინდელი სხდომის შემდეგ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებები მოისმინა. კომისიაზე დღეს დაბარებისამებრ გამოცხადდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა სხდომაზე მას მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.

დატოვე კომენტარი