ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. კვლავ პატიმრობაში რჩება.

სასამართლომ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა და დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პატიმრობა ძალაში დატოვა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ დ.ღ უკანონო პატიმარია და მის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს.

„მოსამართლემ კანონის მოთხოვნა დაარღვია, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე ბავშვთა კონვენცია. მოსამართლე კვლავ იქცევა და იმყოფება პროკურატურის ზეწოლის ქვეშ. ეს ბავშვი პროკურატურას მძევლად ჰყავს. იმ მარტოა საკანში სამ თვეზე მეტია. ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს. ვერავინ საუბრობს ფაქტებზე, 30-ზე მეტი მოწმე დავკითხეთ“, – განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სუხიაშვილმა.

დღესვე ასევე ხუთი მოწმე დაკითხეს. მათ შორის ორი მოწმე არასრულწლოვანია. მოზარდები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.