ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მორიგი სხდომა იწყება. გ.ბ-ს ადვოკატი ელოდება სასამართლოს განჩინებას, რათა ჰქონდეს უფლება, დროებითი საგამოძიებოს კომისიის სხდომების ფარგლებში მოიპოვოს ის ახსნა-განმარტებები, რაც მოწმეებმა დეპუტატებს მისცეს.

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს აქვს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დართვაზე.

„მე წარმოვადგენ ახალ მტკიცებულებას. ეს ეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის პროცესში მოვოლებული მოწმეთა ახსნა-განმარტებების დართვას. ვგულისხმობ ყველა მოწმეს. ჩემი აზრით, რეკომენდაცია ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ სასამართლოსგან განსხვავებული ჩვენებებია. ვიცით, რომ მ.კ-ზე რეკომენდაცია შეიმუშავეს. შესაბამისად, არსებობდა ამის საფუძველი“, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობის საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მ.კ. ხელახლა დაიკითხება. ასევე, დაიკითხება მისი ძმა და ერთი მოწმე, რომელიც აქამდე არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვების ეტაპზე დაკითხული არ ყოფილა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მ.კ-ს ხელახლა დაკითხვის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოში პროკურატურასთან ერთად, დაცვის მხარეც დავობს. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.

პირველი ინსტანციის განაჩენით, გ.ჯ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. სასჯელის ვადად კი, ცხრა წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვან გ.ბ-ს ბრალად ედებოდა როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და სასჯელის ვადად განესაზღვრა 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურა განაჩენს სწორედ შეცვლილი კვალიფიკაციის ნაწილში ასაჩივრებს. გ.ჯ-ს ადვოკატების ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში, შემდეგ სხდომაზე ისინი ახალ მტკიცებულებას წარადგენენ – ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშიც დახურულ რეჟიმში წარიმართება.