ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, პატიმრობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 19 იანვარს დ.ღ-ს აღკვეთის ღონისძიების ექვსთვიანი ვადა იწურება, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იქნება, პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალოს.

ფრიდონ სიხუაშვილი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობის დაყენებას ვადის ამოწურვამდე გეგმავს, რადგან, მისი თქმით, პროკურატურას მტკიცებულებების გამოსაკვლევად კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

„პროკურატურა თავად ვერ ასწრებს მტკიცებულებების გამოკვლევას აი ამ ექვს თვეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება. პროკურატურის, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა და შემდეგ უკვე ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება. დაცვის მხარეს მტკიცებულებების ხუთი ტომი გვაქვს წარდგენილი. ამას ფიზიკურად ერთი კვირა კი არა, კიდევ საკმაო დრო დასჭირდება, სავარაუდოდ მინიმუმ რამდენიმე თვე მაინც“, – განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

„ველოდებით კიდევ არასრულწლოვან მოწმეებს, ვინც არიან დარჩენილი. ასევე, გაგრძელდება წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა, როგორც ჩავეტევით დროში. სავარაუდოდ დილის 10:00 საათიდან პირველ საათამდე გვაქვს გამოყოფილი დრო და შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ დროს“, – განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

​არასრულწლოვნის უფლებადამცველის განცხადებით, მისთვის უცნობია იმ მოწმეთა ვინაობა, რომლებიც დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.