ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ-ს პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულების დემონსტრირებით განახლდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ-ს სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულების დემონსტრირებით განახლდა.
საუბარია პროკურორ ზვიად ფხაკაძის და ინა გუგუშვილის იმ ჩვენებებზე, რაც მათ ზაფხულში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში დეპუტატებს მისცეს. ვიდეოჩანაწერის ჩვენება დახურულ სხდომაზე მოხდება.
მკვლელობის საქმის განხილვისას საქალაქო სასამართლოში სწორედ ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი იყვნენ საქმის ზედამხედველი პროკურორები და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდნენ. ამ საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, თუმცა დაცვის მხარეს მაინც აქვს უფლება, სასამართლოში საკუთარი მტკიცებულებები წარადგინოს, მოახდინოს მათი დემონსტრირება და არა გამოკვლევა.
„დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება, რაც დ.ღ-ს უდანაშაულობას ამტკიცებდა, პროკურატურამ უდავოდ გახადა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ მტკიცებულებების დემონსტრირება მოვახდინეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიცემული ჩვენებები“, – განაცხადა დ.ღ.-ს ადვოკატმა, გოჩა კვარაცხელიამ.
დ.ღ. გასული წლის ზაფხულში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ის შეხვდა დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და მასთან საუბარი ჰქონდა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა შემდგომ სასამართლოში ამის შესახებ არ უსაუბრია. დ.ღ. თავს უდანაშაულოდ ცნობს. თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ის პატიმრობაში იყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.