ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება.

დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ ბრალდების მხარის დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ წინა სხდომაზე მოითხოვა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვა, რომელიც გამომდინარეობს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენიდან.

„უბრალოდ, მხოლოდ საქმის ტომებს ზრდიან და აქ არსებითი რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა, მსგავსი დამატებითი რაიმე მასალა საქმეში არ არის. საქმეში არის მხოლოდ ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და შესაბამისად, ეს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს“- განაცხადა ბრალდებულ დ.ღ-ს ადვოკატმა.

მარიამ პაპოშვილს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვა არ უნდა დაიწყოს და მტკიცებულებების არარსებობის გამო, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე უნდა შეწყდეს.

დ.ღ.-ს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის ივლისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ადვოკატების ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მათი თქმით, ეს ეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. ადვოკატების ცნობით, მან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძის თხოვნით არ გაახმაურა.