ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა - ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა - ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ოთხი არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა. პროკურორის თქმით, აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დ.ღ.-მ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

„სასამართლოზე ოთხი მოწმე დაიკითხა და მათ დ.ღ.-ს ბრალეულობა დაადასტურეს. მოწმეებმა ერთი მხრივ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და მეორე მხრივ დაადასტურეს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების სიცრუე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გადახედა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის მართლზომიერებას. სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების დასაბუთებული პოზიცია და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა“, – განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

ადვოკატი კი პროკურატურას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს, რადგან, როგორც დ.ღ-ს ადვოკატი ამბობს, დღევანდელ პროცესზე არცერთ დაკითხულ მოწმეს არ უთქვამს, რომ დ.ღ.-მ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. დღეს დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც, ისინი ითხოვენ, რომ საქმეს მტკიცებულებად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაერთოს, თუმცა დაუშვებს თუ არა მტკიცებულებად დასკვნას მოსამართლე, შემდეგ პროცესზე გახდება ცნობილი. დ.ღ.-ს მამა ამბობს, რომ პროკურატურას მისი შვილი მძევლად ჰყავს.

„ეს არის ქვეყანა, სადაც პროკურატურას ჰყავს მძევალი – არასრულწლოვანი. თვითონ ვერ გამოიძიეს ეს საქმე, შეცდომები დაუშვეს, თუ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ დღეს ამ სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა, რომ ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია. ორი თვეა, ჩემი შვილი დაკავებულია და რამე გააკეთეს? ვინმე არის კიდევ დაჭერილი? რას აკეთებენ საერთოდ. დაიჭირეს ეს არასრულწლოვანი, ორი თვეა პატიმრობაში ჰყავთ და ვერ ასაბუთებენ, რატომ ჰყავთ პატიმრობაში, უარს გვეუბნებიან ყველაფერზე. გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლისთვის“, – აცხადებს ბრალდებულის მამა.

გამოძიება დ.ღ.-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. ადვოკატების ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მათი თქმით, ეს ეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. ადვოკატების ცნობით, მან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძის თხოვნით არ გაახმაურა.