ხორავას ქუჩაზე დაჭრილ არასრულწლოვანს ოპერაცია უტარდება
ხორავას ქუჩაზე დაჭრილ არასრულწლოვანს ოპერაცია უტარდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილ არასრულწლოვანს ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, 16 წლის ბიჭს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ექიმების გამარჯვებით. ოპერაცია მიმდინარეობს მეორე საათია. მთავარი იყო, გაჩერებულიყო სისხლდენა, აღდგენილიყო გულის რიტმი და ვარეგულიროთ წნევა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.

ადგილზე ოჯახის წევრები და დაჭრილის კლასელები იმყოფებიან.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე იმყოფება.

ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

შსს-ს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი.

ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.