ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გამოიკვლიეს
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გამოიკვლიეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მათ შორის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები.

ჩანაწერებში, რომელიც მომხდარის შემდეგ მალევე არის მომზადებული, მოზარდები მკვლელობის შესახებ საუბრობენ.

პროკურორის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ჩანაწერები კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.

„ეს არის სამ პირთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ მათი საუბრების ამსახველი ვიდეომასალა. ბრალდების მხარეს ეს მასალები აძლევს იმის საფუძველს, რომ ეს მტკიცებულებები დასკვნით სიტყვაშიც გამოიყენოს, რათა სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა გამოტანილი იყოს გამამტყუნებელი განაჩენი. ჩანაწერებში ეს პირები ასევე საუბრობენ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები, ვის მიერ, როგორ მოხდა დანის გამოყენება“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ფარული ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ დანა სხვა მოზარდებსაც ჰქონდათ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ დადასტურდა დაცვის პოზიცია. მისი თქმით, ფარულად მოპოვებულ ჩანაწერებში მოზარდები იმ გარემოებებზე საუბრობდნენ, რაც აქამდე სასამართლოში არ დაუდასტურებიათ.

„სხდომაზე გამოვიკვლიეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები. ეს ჩანაწერები დაცვის მხარის პოზიციას ადასტურებს, ბევრ ისეთ გარემოებას, რაც ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში. დასტურდება, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ. ჩემი აზრით, სასამართლომ უტყუარად უნდა მიაყენოს რომ სხვა პირებმა მიაყენეს გარდაცვლილს დაზიანება და სამწუხაროდ, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. გამოძიებას ობიექტურად უნდა გამოეძია. დასტურდება სხვა პიროვნების შემხებლობა გარდაცვლილთან, ეს მტკიცებულებით დასტურდება“, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

სხდომის დასრულების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერები სასამართლოში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავდება.

„ძირითადად, დეტალები თანხვედრაში არ მოდის, მოწმეები ცვლიან დეტალებს. პირდაპირ მიჰყავთ საქმე, რომ ამ ორ მსჯავრდებულს მიუსაჯონ და საქმე ასე დაამთავრონ. ეს არარეალურია. გამოძიებაში თავიდანვე ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მინდოდა დამეჯერებინა, რომ როგორც კი მოწმეები წარდგებოდნენ, ჭეშმარიტებას ისაუბრებდნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად, ორი მოზარდის მკვლელობა ედება ბრალად.

შემდეგი პროცესი 5 აპრილს გაიმართება.