ხონში იუსტიციის დღე აღინიშნა
ხონში იუსტიციის დღე აღინიშნა

ხონში იუსტიციის დღე აღინიშნა. დღემდე იუსტიციის დღე ყოველ წელს 11 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიებით თბილისში აღინიშნებოდა, თუმცა, წელს პირველად პროფესიული დღესასწაული რეგიონში იზეიმეს და ამით ხონის იუსტიციის სახლის გახსნა აღნიშნეს.

ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის დღე პირადად მიულოცა იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს.

„მინდა, ხონელებს მივულოცო ეს დღე, რადგან ხონში საბოლოოდ წერტილი დავუსვით საბჭოთა ინფრასტრუქტურას, გაუსაძლის გარემოს, რომელშიც ხონელები მომსახურებას იღებდნენ წლების მანძილზე.

დღესვე დავაჯილდოვეთ ყველაზე სწრაფი იუსტიციის სახლები, რომლებიც სწრაფად ემსახურებიან მოქალაქეებს და რიგებს არ აყენებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის დღის აღსანიშნავ ზეიმს სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და იუსტიციის სახლის ოცდასამივე ფილიალის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა იუსტიციის სახლის წლის ყველაზე სწრაფი სამი ფილიალი – ოზურგეთი, ფოთი და ახალციხე.