ხობში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ხობში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 77-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ხობში გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით სარგებლობას შეძლებს. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ. საზოგადოებრივი ცენტრის შენობა შშმ პირებზე არის ადაპტირებული.

ხობის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ცენტრში ხელმისაწვდომია კომპანიების – „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც.

ხობში მცხოვრები პირების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის, ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.