ხობში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას პატიმრობა შეეფარდა
ხობში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. პროკურორ ხვიტიას თქმით, პატიმრობის შეფარდება დანაშაულის სიმძიმისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო მოითხოვა. ასევე, ხვიტიას თქმით, აქირთავა არ არის გაწონასწორებული პიროვნება და მას შეუძლია მხოლოდ შელაპარაკების გამო ჩაიდინოს დანაშაული.

როგორც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობაც გაუწია, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ბრალის დამძიმება.

ბრალდებული ირაკლი აქირთავა დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის გაცხადებით, აქირთავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებადამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ირაკლი აქირთავას ბრალად სს კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება. მან ხობში საკუთარ ახლობელს მუცლის არეში ჭრილობები დანით მიაყენა, მეზობელ ქალს კი, ბლაგვი საგნით მიაყენა ჭრილობები. შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში დაიღუპა, ქალი კი მძიმე მდგომარეობაშია.