ხობში ადგილობრივმა მოსახლეობამ საბავშო ბაღის შესაძლო დახურვა გააპროტესტა
ხობში ადგილობრივმა მოსახლეობამ საბავშო ბაღის შესაძლო დახურვა გააპროტესტა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სოფლის საბავშვო ბაღის შესაძლო დახურვა გააპროტესტეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება 600-კომლიან სოფელს ბაღის გარეშე დატოვებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

ადგილობრივებს ხობის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ელისო კვიკვინია შეხვდა. კვიკვინიას ინფორმაციით, ბაღის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ყადაღა ადევს.

როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება აღსაზრდელებს ახლომდებარე სოფლის ბაღში გადაიყვანს, ან ალტერნატიულ ფართს მოიძიებს. ასევე, ბავშვებს მიკროავტობუსი მოემსახურება.

ადგილობრივებთან ერთად აქციაზე „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, ხობში გასულ წელს სამი საბავშვო ბაღი დაიხურა.