ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიას ხმათა 52.4 პროცენტი აქვს
ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიას ხმათა 52.4 პროცენტი აქვს

მოლდოვაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტიას ხმათა 52.4 პროცენტი აქვს.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი“ 27.3 პროცენტით, მესამე ადგილს კი პარტია, „შორი“ იკავებს 5.7 პროცენტით.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა 44.5 პროცენტი იყო. არჩევნებში მონაწილეობას 23 კონკურენტი – 20 პარტია, ორი საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იღებდა. საარჩევნო პარტიისთვის ბარიერი ხუთი პროცენტი, ბლოკისთვის კი შვიდი პროცენტი იყო.

არსებული მონაცემებით, მოლდოვის პარლამენტში მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი მოხვდა. გასული წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სანდუმ საკანონმდებლო ორგანოს დაშლა შეძლო, რომელშიც მისი პარტია მხოლოდ 15 ადგილს აკონტროლებდა.

„მოქმედების და სოლიდარობის“ პარტიამ თავის პროგრამაში მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება დაასახელა. ასევე მთავარი საკითხებია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და რუმინეთთან. პროგრამულ პრიორიტეტებში დასახელებულია უკრაინასთან და საქართველოსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელება.