ხმაური იყო შეკვეთილში, აქციის მონაწილეებმა დენდროლოგიურ პარკში შეღწევა სცადეს
ხმაური იყო შეკვეთილში, აქციის მონაწილეებმა დენდროლოგიურ პარკში შეღწევა სცადეს

ხმაური იყო შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც მესამე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და პოლიციას შორის ბანერის გაკვრას მოჰყვა.

ოპოზიციონერი ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, პოლიციამ ბანერის გაკვრის საშუალება არ მისცა.

„ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით. არაფერი ბანერის გაკვრით არ შავდება. აქციები გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება და გახარია არ დატოვებს თანამდებობას“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს. ისინი პარკში შეღწევას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა
არ მისცეს. ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

„2018 წელს ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დენდროლოგიური პარკი იქნებოდა საზოგადოების კუთვნილება. თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს პარკი მან მოიწყო თავისთვის. წინააღმდეგობის ბარიერი აღმართა ასობით პოლიციელმა, რაც მიუთითებს, რომ გახარიას უწყება მის უსიტყვო მორჩილებაში იმყოფება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა, ბონდო თედორაძემ.

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.