ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ინდოეთშიც იგებენ (ვიდეო)
ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი ინდოეთშიც იგებენ (ვიდეო)

ნიუ დელიში მიმდინარე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს. ინდოეთის პროფესიული საჭიდაო ლიგაზე, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება, ექვსი გუნდი მონაწილეობს და ყველა მათგანი ტიტულოვანი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის მრავლად არიან მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებიც.

ლადო ხინჩეგაშვილმა, რომელიც ამ ეტაპზე გათამაშების ლიდერ „ჰარიანა ჰამერსში“ ირიცხება, პირველ ტურში „ვიერ მარათასთან“ შეხვედრაში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მისი მეტოქე მასპიძელთა წარმომადგენელი – შარვანი იყო, რომელიც გასულ წელს აზიის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შეხვედრის პირველი პერიოდი ფრედ 2-2 დასრულდა, მეორეში კი ხინჩეგაშვილმა 20 წლის ინდოელს ხუთი ქულა აუღო, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და საბოლოოდ 7-3 გაიმარჯვა. მისმა გუნდელებმა დარჩენილი 6 შეხვედრიდან 4-ში გაიმარჯვეს და საბოლოოდ გუნდური ორი ქულაც მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ „ვიერ მარათასში“ კიდევ ერთი ქართველი, სომხეთის სახელით მოასპარეზე მძიმეწონოსანი – ლევან ბერიანიძე ირიცხება, თუმცა ამ გუნდების შეხვედრაში მძიმეწონოსანთა დაპირისპირება არ შემდგარა და შესაბამისად ბერიანიძესაც არ უასპარეზია.

იმავე მიზეზით (-57კგ წონითი კატეგორიაში შეხვედრა არ გამართულა) არ უასპარეზია მეორე ტურში ხინჩეგაშვილსაც, მისმა გუნდმა კი „დელი სულთანთან“ 5-2 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილშიც 4 ქულით გალიდერდა.

რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს, იგი ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ „პანჯაბ როიალში“ ირიცხება. პირველ ტურში პეტრიაშვილმა მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის პრიზიორ, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელთანჯამალადდინ მოგამედოვთან იჭიდავა, რომელიც „დანგალში“ ირიცხება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა, მოგამედოვთან პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით დათმო, მაგრამ მეორეში შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 4-3 გაიმარჯვა. პეტრიაშვილის მოგება, როგორც საბოლოოდ გაირკვა, მისმა თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს და „პანჯაბ როიალსი“ 3-4 დამარცხდა.

პანჯაბ როიალსი“ მომდევნო (მეორე ტური) შეხვედრაში 14 იანვარს „ვერ მარათასს“ დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა პეტრიაშვილი- ბერიანიძის დაპირისპირებაც შედგეს. რაც შეეხება ხინჩეგაშვილისჰარიანა ჰამერსს“- იგი მესამე ტურში, 16 იანვარს, პეტრიაშვილის გუნდს შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის საწყისი ეტაპი წრიული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთთან შეხვედრა ყველა გუნდს მოუწევს. გუნდებს თითო გამარჯვებაზე 2 და მარცხზე 0 ქულა ეწერებათ. მედლებისთვის ბრძოლას კი უკვე პლეი-ოფის სისტემით, პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ.

 

დატოვე კომენტარი